ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე საინფორმაციო ფლაერების გავრცელება დაიწყო

10 დეკემბერი, 2020

კარდაკარ პრინციპით 100 000-მდე ორენოვანი (ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე) ბროშურა ვრცელდება

COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ საინფორმაციო მასალები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ოჯახებში კარდაკარ პრინციპით დაარიგა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემდგომი ოპერატიული ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა და ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ. ორენოვანი ბროშურები კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.v

გააზიარე