გიორგი ერბოწონაშვილმა ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნა

16 ივნისი, 2018

  

დღეს, 16 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა სოფელ იორმუღანლოში სამედიცინო ცენტრი „დიაგნოზი“ საზეიმო ვითარებაში გახსნა. 
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის აპარატურით. პაციენტებს მოემსახურებიან როგორც ადგილობრივი ქართველი და აზერბაიჯანელი ექიმები, ასევე თბილისიდან - წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოდან და კლინიკა „მზერადან“ მოწვეული, ყველა მიმართულების მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები. პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული, ექოსკოპიური და რენტგენოგრაფიული გამოკვლევები. 
სამედიცინო ცენტრ „დიაგნოზს“ აქვს არა მხოლოდ პოლიკლინიკის, არამედ ემერჯენსისა და დღის სტაციონარის პროფილიც. შესაბამისად, 24-საათიან გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს ადგილობრივ მოსახლეობას.
„- ყველასთვის ცნობილია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აზერბაიჯანელები საკმაოდ სოლიდური რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. მათ სამედიცინო მომსახურების მისაღებად ქალაქ საგარეჯოში, ანუ საცხოვრებელი ადგილიდან საკმაო მანძილზე უწევდათ სიარული. „დიაგნოზი“ პირველი კლინიკაა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში იფუნქციონირებს. ამ ფაქტს გულითადად ვულოცავ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელებს, რომლებიც ამიერიდან სწრაფი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ,“- განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა. სამედიცინო ცენტრის გახსნას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მოადგილეები ალექსი გილაშვილი და პაატა ასრათაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი და ადგილობირივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

გააზიარე