მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭება გრძელდება

14 ივნისი, 2018

საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 16 ივლისს მიღებულმა კანონმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არაერთ მცხოვრებსაც მოუტანა სიკეთე. „მაღალმთიანი დასახლების ნუსხის“ მიხედვით, სტატუსი მიენიჭა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  17 სოფელს: მარიამჯვარს, ანთოკს, სათაფლეს, ზემო ყანდაურას, გომბორს, რუსიანს, ვერონას, ვაშლიანს, ასკილაურს, უჯარმას, პალდოს, მუხროვანს, კოჭბაანს,  ოთარაანს, სასადილოს, გორანას და იკვლივ გორანას.

2015 წლის 19 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 15 იანვარს შეიქმნა „სათათბირო ორგანო–საბჭო“. მისმა წევრებმა ნაყოფიერად იმუშავეს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის სტატუსის“ მინიჭებაზე, რაც გამოიხატებოდა თითოეული დაინტერესებული მოქალაქის საკითხის შესწავლასა და შესაბამისი ცნობების გაცემაში.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი“ აქტიური აქვს 1192 მოქალაქეს.

სტატუსის ითვალისწინებს შემდეგ სოციალურ შეღავათებს:

 ა) საპენსიო ასაკს მიღწეული მცხოვრებლებისთვის, ყოველთვიურად, საპენსიო დანამატის სახელმწიფო პენსიის 20 პროცენტის ოდენობით გაცემას;

 ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის  ყოველთვიური დანამატის გაცემას; 

გ) ექიმებისთვის  ხელფასის გასამმაგებას და ექთნებისათვის ხელფასის გაორმაგებას; დ) აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადის 50  პროცენტის ანაზღაურებას;

ე) მაღალმთიან დასახლებებში დაბადებული თითოეული ბავშვისათვის ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემას, არანაკლებ 100 ლარისა, ერთი წლის განმავლობაში;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულების მასწავლებლის ხელფასზე 35 პროცენტიანი დანამატის გაცემას;

ზ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის მოსწავლეებზე ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით გაცემა;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამებში მონაწილე მასწავლებლებისათვის შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის ოდენობით გაცემას;

ი) მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებლები სარგებლობენ საშემოსავლო და ქონების გადასახადებში საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათებით.

2015 წლის 19 ნოემბრის №519 დადგენილების 3–ე მუხლის მიხედვით სტატუსის მინიჭების ძირითადი პირობაა, შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

 ბ) დარეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;

გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს დაინტერესებული მოქალაქეებისგან განცხადებებისა და კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებას,  რომლის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სოციალურ სფეროში. მოქალაქეებს მომსახურებას უწევს „სათათბირო ორგანო–საბჭოს“ წევრი, ნინო ქურხული.

„სათათბირო“, რომელსაც მერის მეორე მოადგილე პაატა ასრათშვილი ხელმძღვანელობს, უახლოეს პერიოდში დაიწყებს თითოეული დაინტერესებული მოქალაქის საკითხის განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების შესახებ.

გააზიარე