ქალაქ საგარეჯოში, ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სათავის დაცულ ტერიტორიებთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

11 ივლისი, 2022

ქალაქ საგარეჯოში, ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სათავის დაცულ ტერიტორიებთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან ერთად, მოასფალტების წინა, ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო პარალელურ რეჟიმში, წყლის სათავის მიმდებარე ტერიტორიებზე ახორციელებს ვიზიტორთა ცენტრის, ტურისტული ბილიკებისა და საპიკნიკე სივრცის მოწყობას. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განხორციელებული გზის მოასფალტების სამუშაოები - კი ერთგვარი გაგრძელება იქნება დაწყებული პროექტის, რაც საბოლოოდ შექმნის ტურისტულ მარშრუტს და იქნება ვიზიტორთათვის ერთ-ერთი სასურველი და შთამბეჭდავი ლოკაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითობისკენ შეცვლის საერთო ეკონომიკურ ფონს. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა მოვაწესრიგოთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი ღირსშესანიშნაობები და ბუნებრივი რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ“ - აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 369 999 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ მილენიუმ ბილდერს გრუპი“ ახორციელებს.

გააზიარე