საქართველოში ევროკავშირის ელჩი-კარლ ჰარცელის ვიზიტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

21 თებერვალი, 2022

დღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი-კარლ ჰარცელი და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტი - მანავის ციხესთან მისასვლელი გზა მოინახულეს.

დელეგაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-ავთანდილ გულიკაშვილმა საკრებულოს თავჯდომარე - ალექსი გილაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომდგენლებთან ერთად უმასპინძლა.

- მანავის ციხესთან მისასვლელი გზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიზნად ისახავდა ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. ბიუჯეტმა - 1 260 000 ლარი შეადგინა, მათ შორის სრიგპ - 897 500 ლარი. პროექტი განხორციელდა 2020-2021 წლებში. პროექტის ფარგლებში მოეწყო მისასვლელ გზა და პარკინგი.

პროექტი ინიცირდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის, მეწარმეების ჩართულობით და პროექტის განხორციელების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა სხვა მუნიციპალიტეტების პროექტებთან კონკურენციის გაწევის მიზნით გაზარდა თანადაფინანსების წილი 35%-მდე.

პროექტის განხორციელებით მანავის ციხე ხელმისაწვდომი გახდა ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორებისათვის, რამაც გაზარდა როგორც მანავის, ასევე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტურისტული ცნობადობა.

მინდა აღვნიშნო, რომ 2021 წელს, ევროკავშირის მიერ, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - ქალაქში რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაუფინანსდა, რომელიც მიმდინარეობის პროცესშია, ხოლო 2022 წელს მარიამჯვრის ნაკრძალის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტი, რომელზეც მიმდინარეობს ტენდერი. ასევე, მუნიციპალიტეტს კონკურსზე წარდგენილი აქვს დამატებითი საპროექტო იდეები, მათ შორის მანავის კომპლექსის მიმდებარედ საკემპინგე და საფეხმავლო ზონების მოწყობა. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ-ერთი მთავარი პირობაა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2021-2022 წლებში კახეთის რეგიონში 57 მილიონამდე ლარია გამოყოფილი სამი პრიორიტეტის ფარგლებში: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება. რეგიონის მასშტაბით კონკურსზე შემოსულია 55-მდე საპროექტო იდეა, საიდანაც ამ დროისთვის უკვე დაფინანსებულია 28 მილიონამდე ღირებულების 17 პროექტი, ხოლო დანარჩენი პროექტები, რომლებიც გადასულია კონკურსის მეორე ეტაპზე, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ხმათა უმრავლესობით შეირჩევა და დაფინანსებაზე წარდგება მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე.

პროგრამის ფარლებში 2020 წელს, თელავის, ახმეტის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით 2 მილიონამდე ღირებულების 3 პროექტი განხორციელდა. ქალაქ თელავში ახალი ბიზნეს-კლასტერის ტერიტორიაზე არსებული გზის რეაბილიტაცია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის საშუალებით საშუალო ბიზნესის, ბაბანეურის მარნის ხელმისაწვდომობის გაზრდა და მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამის ფარგლებში გარდა მუნიციპალიტეტების მიერ პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა, აგრეთვე, კახეთში, როგორც ერთ-ერთ საპილოტე რეგიონში ევროკავშირის EU4ITD ფინანსური დახმარების ფარგლებში ხორციელდება 3 სახელმწიფო პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, აგრეთვე ინოვაციების მხარდაჭერის მიმართულებით. ამ კუთხით კახეთის რეგიონისთვის განსაზღვრულია 15 მილიონ ლარამდე საგრანტო პროექტები, რომლის მიმღებები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ოპერირებენ და რეგისტრირებულები არიან კახეთის რეგიონში.

გააზიარე