კიდევ ერთი ისტორიული პროექტი შეემატება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას!

16 ოქტომბერი, 2023

კიდევ ერთი ისტორიული პროექტი შეემატება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას!

ქ.საგარეჯოში ჯაფარიძის ქუჩის, მიმდებარე ჩიხებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო!

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან, ემზარი კუჭუაშვილთან ერთად ჯაფარიძის ქუჩის ჩიხების მოასფალტებისთვის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე მოინახულა, ადგილობრივებს და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, მოსაზრებები მოისმინა და სამუშაოებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნო.

„ეს არის ისტორიული ფაქტი, ადგილობრივი მოსახლეობა წლებია ელოდა ამ პროექტის განხორციელებას, წელს, გადავწყვიტეთ, რომ პრიორიტეტად დაგვესახა ეს ქუჩა. თავისი მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, ეს გახლავთ სათავესთან მისასვლელი გზის დამაკავშირებელი ცენტრალური ქუჩა, სადაც მჭიდრო დასახლებაა და  სხვადასხვა დანიშნულების ობიექტია განთავსებული.  აღნიშნული პროექტი სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ჯამური ღირებულება  2 373 854 ლარს შეადგენს.

მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, სათავის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივ-გომბორის აღკვეთილში განხორციელდა ვიზიტორთა ცენტრის, ტურისტული ბილიკებისა და საპიკნიკე სივრცის მოწყობა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ასევე დაიგო რეკრეაციულ სივრცესთან მისასვლელი გზის მონაკვეთი.  

განხორციელებული გზის მოასფალტების სამუშაოები - კი ერთგვარი გაგრძელება იქნება დაწყებული პროექტის, რაც საბოლოოდ შექმნის ტურისტულ მარშრუტს და იქნება ვიზიტორთათვის ერთ-ერთი სასურველი და შთამბეჭდავი ლოკაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითობისკენ შეცვლის საერთო ეკონომიკურ ფონს. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა მოვაწესრიგოთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი ღირსშესანიშნაობები.

მე მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში. ჯაფარიძის ქუჩა შეემატება ამ პროექტებს, როგორც ერთ-ერთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი“- აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა

გააზიარე