საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო!

21 ოქტომბერი, 2021

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: მანავსა და პატარძეულს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - ირაკლი შიოშვილთან, პარლამენტარ -დავით სონღულაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

მანავში COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინით ათეულობით ადამიანი აიცრა, მათ შორის იყო ორსული და 100 წლის ქალი.

COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს, სოფლიდან გაუსვლელად, ადგილზე, რეგისტრაციის გარეშე, სპეციალურად გამოყოფილ მოძრავ ამბულატორიაში შეუძლიათ.

პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება.

მარათონში მონაწილეობას იღებენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში მოსახლეობას საგანმანათლებლო მასალებიც გადაეცემათ.

პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების სააგენტო (UNDP).

გააზიარე